ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის წარმომადგენლებს: ქალბატონმა ევამ 7 კითხვა ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ
“სადაც კი პრეზიდენტი წარდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება.
„მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს „მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგი, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება”, – განაცხადა კობახიძემ.