ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი ამბობს ერთს, მისი წარმომადგენლები – მეორეს, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი აქ ყოფნა
“პრეზიდენტი ამბობს ერთს, მისი წარმომადგენლები ამბობენ მეორეს, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი აქ ყოფნა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ დროისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვის შესახებ სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
კობახიძის თქმით, საზოგადოება ხედავს, რა მძიმე დღეში არიან ეს ადამიანები.
„როდესაც შენს თავმოყვარეობას დებ სასწორზე, როცა ადვოკატი არ ხარ და ასეთ პროცესში შედიხარ, ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რატომ შეიძლება დააყენო ასეთი დარტყმის ქვეშ საკუთარი რეპუტაცია. საზოგადოება ხედავს, რა მძიმე დღეში არიან ეს ადამიანები. რამდენჯერმე პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმოვანებულ პოზიციებს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი აქ ყოფნა. პრეზიდენტი ამბობს ერთს, კონკრეტულ საკითხზე, ამაზე დაელოდეთ და დასკვნით სიტყვაში მექნება საუბარი, მისი წარმომადგენლები ამბობენ მეორეს. თამარ ჩუგოშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ მთავრობამ როდესაც დადო სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, თურმე დაარღვია 78-ე მუხლი. ამ დროს, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც თვითონ აქვთ დადებული ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, ასეთი აბსურდებია“, – აღნიშნა კობახიძემ.