“გამონაბოლქვის კონტროლზე პატრულირება ყველა ქალაქში მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე კონფლიქტური სიტუაციები თითქმის არ გვაქვს” – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ტარიელ ირემაძის განცხადებით, მანქანების ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის რეგულაციის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე საკმაოდ მაღალია.

როგორც ირემაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატრულირება ყველა ქალაქში მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს.

“რეგულაციის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე საკმაოდ მაღალია, არა მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც უშუალოდ კონტროლი მიმდინარეობს, არამედ – მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება რეაქციებს და გაპროტესტების კუთხით მოქალაქეების გამოხმაურებებს, მინდა, გითხრათ, რომ პატრულირება ყველა ქალაქში საკმაოდ მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე კონფლიქტური სიტუაციები თითქმის არ გვაქვს. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს – ერთეული გასაჩივრებები გვაქვს. კანონის მიხედვით, დაჯარიმებულ პირს ქვითრის გადაცემიდან 2 საათი აქვს, რათა ავტომობილი ნებისმიერ, მისთვის სასურველ ტექინსპექტირების ცენტრში გადაიყვანოს, ტექინსპექტირება თავიდან გაატაროს, რის საფუძველზეც, შედეგების მიხედვით, გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში შესაბამის განცხადებას წერს და არსებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. არსებული საჯარიმო ქვითრის და გასაჩივრების განცხადების განხილვა კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით ხდება”, – განაცხადა ირემაძემ.

ცნობისთვის, უწყების ცნობით, კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 1 039 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორეზე – 300 , მესამე კი – 600. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები