პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე პრემიერს ღია წერილით მიმართავს

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი დენის დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილში დავითაშვილი განმარტავს, თუ რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. პროფესიული საბჭოს წევრის აზრით, განათლების მინისტრმა პოსტი მარტო პროფესიულ განათლებაში არსებული მრავალი პრობლემის მოუგვარებლობის გამო უნდა დატოვოს. როგორც დავითაშვილის წერილშია აღნიშნული, 2 წლის განმავლობაში არ არის გადადგმული ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენისათვის და 2009-2011 წლებში ლიკვიდირებული 26 პროფესიული კოლეჯების ახლად დაფუძნებისათვის, უმუშევრად დატოვებული 1000 პედაგოგის ისევ დასაქმებისათვისათვის, 10.000 სტუდენტის სწავლაში ჩაბმისათვის. მისივე თქმით, 2 წლის განმავლობაში მინისტრი სანიკიძე და მისი მოადგილე ნატრიაშვილი ატყუებდნენ 26 რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელებს, მაჟორიტარ დეპუტატებს, პარლამენტს და მთავრობას, საზოგადოებას.
„2013 წელს მათი ინიციატივით შემუშავდა პროფესიული კოლეჯების დაფინანსების მოდელი, რომელიც 2013 წელს 19 სექტემბრის #244 დადგენილებით დაამტკიცებინეს პრემიერ- მინისტრს, მოდელმა არ გაამართლა და უკვე 5-6 თვეა მიმდინარეობს მუშაობა მისი გადამუშავებისათვის და ეს ხდება ისევ ფარულად, სოციალური პარტნიორების ჩართვის გარეშე. 2013 წლიდან განათლების სამინისტროა და, პირველ რიგში, თ. სანიკიძის და ქ. ნატრიაშვილის უშუალო ინიციატივით, პარლამენტს მიაღებინეს ე.წ. ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების აუცილებლობის მუხლი, რომლის შედეგია 2013-2014 წლებში რეგისტრირებული 20.000 სტუდენტიდან ჩაირიცხა მხოლოდ 12.000, უამრავი 9 კლასდამთავრებული 5 ნოემბრის შედეგების გამო დარჩნენ სკოლისა და პროფესიული კოლეჯის გარეშე ქუჩაში. მეორე წელია, რომ საჯარო პროფესიულ კოლეჯებში სწავლა იწყება არა 15 სექტემბერს, როგორც ყველა სხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის კერძო კოლეჯებში, არამედ 5 ნოემბერს. ეს ნამდვილი დისკრიმინაციაა.
1 სექტემბრისათვის განათლების სამინისტრომ წარუდგინა ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლითაც პროფესიული განათლებისათვის 3.5 მლნ. ლარით შემცირებულია ასიგნებანი, 28,7 ნაცვლად – მხოლოდ 25.5 მლნ. ლარი. განათლების მინისტრს და მის I მოადგილეს არ გააჩნიათ პასუხი, რის გამო უმცირდებათ ბიუჯეტი პროფესიულ კოლეჯებს. განათლების მინისტრმა და ეროვნული ცენტრის დირექტორმა ე. ჯიბლაძემ გაანიავეს პროფესიული სტანდარტების შემუშავებისათვის 2013 წელს გამოყოფილი 686.000 ლარი, არც ერთი სტანდარტი დღემდე არ დამტკიცებულა. სამაგიეროდ, იმავე მიზნებისათვის 2014 წელს გამოყოფილია უკვე 1.0 მლნ. ლარზე მეტი მოდულური პროგრამების შემუშავებისათვის, მაშინ როდესაც არ ჩატარებულა ერთი მოდულური პროგრამის მაინც პილოტირება, მისი დამტკიცება, დამსაქმებლიდან მათი აღიარება და, რაც მთავარია, შრომის ბაზრის შესწავლა მოდულური პროგრამების საჭოიროების გამოსავლენად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინისიტრმა თ. სანიკიძემ და მოადგილემ ქ. ნატრიაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს 2013-2020 წლების სტრატეგიის ისეთი სამოქმედო გეგმა, რომელიც თავიდანვე განწირული იყო 2013-2014 წლების ღონისძიებების შეუსრულებლობისათვის, რაც ჩვენ ავღნიშნეთ 2013 წელს ეროვნულ პროფესიულ საბჭოზე და მისი დამტკიცების შემდეგაც ვაცნობეთ მთავრობის კანცელარიის უფროსს.
სამინისტროს ხელმძღვანელობის სრული არაკომპეტენტურობის და უსუსურობის შედეგია ის, რომ სექტემბერში საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ,,პროფესიული განათლების კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” კანონპროექტის არც ერთი თავი, მუხლი, პუნქტი დღემდე სამინისტროში შექმნილმა კომისიამ ვერ შეიმუშავა. კომისია მუშაობს მარტის თვიდან. მინისტრი და მისი მოადგილე ვერ ღებულობენ გადაწყვეტილებებს პროფესიული განათლების პედაგოგების და ინსტრუქტორების მომზადება-გადამზადებისათვის, რაც უარყოფითად მოქმედებს პროფესიული სტუდენტების მომზადების ხარისხზე. გამოიკვეთა კოჰაბიტაციური ურთიერთობები სამინისტროს ხელმძღვანელებსა და კ. ბენდუქიძეს შორის, ვინაიდან მესამე წელია სახელმწიფოს არ უბრუნდება 2012 წელს ყოფილი მინისტრს შაშკინის მიერ კ. ბენდუქიძისათვის კანონის უხეში დარღვევით გადაცემული 4 საუკეთესო კოლეჯი. თ. სანიკიძე ამას იმით ამართლებს, რომ კ. ბენდუქიძე წინააღმდეგია ამის განხორციელებისა – მაშ ვინაა სახელმწიფო? თ. სანიკიძე თუ კ. ბენდუქიძე და რას ამბობს ამაზე კანონი? 29-30 აგვისტოს მინისტრის უშუალო ხელშეწყობით კანონსაწინააღმდეგოდ ჩამოყალიბებულმა ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია მიანიჭა 28 პროფესიულ კოლეჯს, რომელთა ნაწილი არ აკმაყოფილებს სტანდარტების მოთხოვნებს, სამაგიეროდ ექსპერტებმა წარმოუდგინეს მინისტრის ზოგიერთი ,,ჯიბის” საბჭოს წევრებს ყალბი დასკვნები, საბჭოს თავმჯდომარემ ქ. ჯაყელმა კი ისინი მიიღო უპირობოდ.
თ. სანიკიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ქ. ნატრიაშვილმა ჩაშალეს ეროვნული პროფესიული საბჭოს და მისი 8 თემატური ჯგუფის მუშაობა, ეს კი ნიშნავს საერთოდ პროფესიული განათლების სისტემის პრობლემების კიდევ უფრო მეტად ჩიხში მოქცევას. მინისტრი თ. სანიკიძე უარს აცხადებს სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობებზე და ფაქტობრივად მისი უსუსურობის და არაკომპეტენტურობის შედეგია სისტემის ამ მდგომარეობაში ჩაგდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს სასწრაფო საკადრო ცვლილებები და შეარჩიოს და დანიშნოს კომნპეტენტური უნარიანი ხელმძღვანელები. ჩვენ კი მზად ვართ ამის შემდეგ მხარში ამოუდგეთ მათ პროფესიული განათლების წინაშე მრავალი საკითხის მოგვარების უზრუნველყოფისათვის“, – აღნიშნულია დენის დავითაშვილის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები