“კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 1 039 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს”- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

“კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 1 039 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს”- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 4 სექტემბრიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

“კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1039 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 479 სამართალდარღვევა გამოავლინეს თბილისში, 232 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 194 – ბათუმში, 134 კი რუსთავში.

1039 დაჯარიმებულიდან 825 ფიზიკური პირია, 214 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს”-განაცხადა ირემაძემ.

მისივე თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორეზე – 300 , მესამე კი – 600. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები