მამუკა მდინარაძე: როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს, ბოდიშს უხდის გარდაცვლილების ოჯახებს, მთავრობამ უნდა გადასცეს საკუთარი უფლებამოსილება, რომ უცხოეთში საქართველოს პოზიცია წარმოადგინოს?
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული განსხვავებული შეხედულებები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის სხვადასხვა ქმედებისა და განცხადებების შემდეგ აღარ უნდა გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ანიჭებს მთავრობა მას საქართველოს პოზიციის საზღვარგარეთ წარმოდგენის უფლებამოსილებას.
„26-მა მაისმა იცით რა გამოაჩინა? საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის აბსოლუტურად აცდენილი წარმოდგენა თუ შეგნებულად გაკეთებული განცხადებები. წარმოიდგინეთ, რამდენად უხეში აქტია მისი მხრიდან, დამოუკიდებლობის დღეზე ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი გმირების და მისი ოჯახებისათვის მთავრობის პოლიტიკური კურსის გამო.
როდესაც უცხოეთში წასული პრეზიდენტი ამბობს, რომ შარშან არ გეკუთვნოდა [კანდიდატის სტატუსი], წელს არ გეკუთვნის, ფორმალურად და არარეალურად ასრულებ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ბოდიშს უხდის გარდაცვლილი გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, მას მთავრობამ უნდა გადასცეს საკუთარი უფლებამოსილება, რომ მის მაგივრად წარმოადგინოს უცხოეთში საქართველოს პოზიცია? და რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა? რატომ გადალახა წითელი ხაზი, ეს კითხვა ისმება?“, – განაცხადა მდინარაძემ.