ირაკლი ქადაგიშვილი: USAID-ის დაფინანსებით ტრენინგები ჩრდილს აყენებს აშშ-ის დახმარების შინაარსს
“ერთი რამ ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგები ჩრდილს აყენებს აშშ-ის დახმარების შინაარსსა და იმ ურთიერთობას, რომელსაც სტრატეგიული ჰქვია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
როგორც მან სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას აღნიშნა, სტრატეგიულ პარტნიორებთან რევოლუციის მოსამზადებელ ტრენინგებს არ აწყობენ.
„ეს არ ემსახურება დემოკრატიის განვითარებას. ჩვენ ხშირად გვესმის, მათ შორის აშშ-ის მხრიდან, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, ანუ პოლიტიკური ცხოვრების მაქსიმალური დაახლოება. პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის თითქოს, მაქსიმალური დაწევა, ამ დროს კი ტრენინგები ტარდება რადიკალიზმის გასაღვივებლად და როგორ მოხდეს მაქსიმალური რადიკალიზაცია. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ამიტომ, რაც უფრო მალე იქნება ეს ორმაგი სტანდარტი გამორიცხული და მაქსიმალურად ღია თანამშრომლობა იქნება და USAID-ი დაუბრუნდება იმ მთავარ მიზნებს, რა მიზნებისთვის ის იყო და არის, დარწმუნებული ვარ, მოწოდებული, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია, რომ ეს ჩრდილს აყენებს აშშ-ის დახმარების შინაარსსა და იმ ურთიერთობას, რომელსაც სტრატეგიული ჰქვია. სტრატეგიულ პარტნიორებთან რევოლუციის მოსამზადებელ ტრენინგებს არ აწყობენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ახალი ინფორმაცია გაავრცელა.