ირაკლი ღარიბაშვილი – 8 წლის განმავლობაში 1200-მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რასაც ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად მივმართავთ
მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და ინიციატივა.
„მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო. მიხარია თქვენთან შეხვედრა. ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მიხარია, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. მე ვხედავ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინდა ზვიადზე ვთქვა, რომ ის შემთხვევით გავიცანი.ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია კომისიამ, როგორც ხდება, და არა მხოლოდ − ნიკას ვხედავ და კიდევ ნიკოს, ძალიან ბევრ ადამიანს, ნინოს ვხედავ, ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ.
მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ჩვენ მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ შევაჯამოთ განვლილი 8 წელი, მგონი საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები. შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი, ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200-მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში და მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი იდეაა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი.
„რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ის ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს იმავე, უმაღლესი განათლების, სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელთაც ახლა, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და, რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომლებზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ − ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი ეს კაპიტალი ადამიანური, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2023 წელს განხორციელებული პროგრამების ფარგლებში დღეისათვის გაცემულია 179 სტიპენდია. მიმდინარე წელს დაგეგმილია კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე განმეორებითი კონკურსის გამოცხადება. დაარსებიდან დღემდე ცენტრის სტიპენდიატები სწავლობდნენ ან სწავლობენ 30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.
2023-2024 სასწავლო წელს ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს მოქალაქეების სწავლა დაფინანსდა ისეთ უნივერსიტეტებში როგორებიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ), კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (აშშ), ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), კემბრიჯის უნივერსიტეტი(დიდი ბრიტანეთი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია (ბელგია), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემია (აშშ), ვენის დიპლომატიური აკადემია (ავსტრია), დიუკის უნივერსიტეტი (აშშ), ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (აშშ), მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია), სიანს პო (საფრანგეთი), სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ESCP ბიზნესის სკოლა (დიდი ბრიტანეთი), მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (იტალია), სიჩუანის უნივერსიტეტი (ჩინეთი)