მიხეილ დაუშვილი: ნათლად ვხედავთ, რომ ბევრი ინსტრუმენტით თავს ესხმიან ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებს
“საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ამ განცხადებიდან ერთადერთი რამ შეგვიძლია, ამოვიკითხოთ – ეს არის ,,ოცნების,, ჰიბრიდული ომის გაგრძელება ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ,,ოცნება,, ცდილობს ჩვენი მოქალაქეების დაშინებას იმისთვის, რომ შიშის ფონზე შეინარჩუნონ ძალაუფლება და მეტი არაფერი. რაც შეეხება ამ განცხადებაში USAID-ის და შეერთებული შტატების ხსენებას. უკვე ცალსახად და ნათლად ვხედავთ, რომ ოცნება ბევრი ინსტრუმენტით თავს ესხმის ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის ცნობით, სერბეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ოქტომბერ – დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.