დიმიტრიოს კარაბალისი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია
“კანდიდატის სტატუსს კომისია არავის ანიჭებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია, მათ აქვთ გადაწყვეტილების მიღების სუვერენული უფლება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ე.წ. საზღვართან ადამიანების გატაცების ფაქტების სტატისტიკაზეც და მისიის მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“შეინიშნება გატაცების ფაქტების კლება წლების განმავლობაში, მაგალითად, 2013 წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაფიქსირდა 190 ფაქტი, გასულ წელს 41, ხოლო წელს 26-მდე შემცირდა, რაც შეეხება აფხაზეთს, 2013 წელს გატაცების 384 ფაქტი დაფიქსირდა, შარშან 7 და წელს – 3.
საქართველოში კონფლიქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ სიტუაცია რაც შეიძლება წყნარი იყოს, შეიქმნას ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ მხარეები დასხდნენ და მოძებნონ გამოსავალი. ის, რასაც ვცდილობთ, არის, რომ შევქმნათ შესაფერისი პირობები, სადაც ეს დიალოგი შეიძლება გაიმართოს და გამოსავლის პოვნა შესაძლებელი გახდეს”, – აღნიშნა კარაბალისიმ.