„სავალუტო ფონდის მისიის არსებობა საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, მას თავისი რეპუტაციული და ფინანსური სარგებელი მოაქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისია უმოკლეს ვადებში აღდგეს და ამისთვის ორივე მხარემ არ დაიშუროს ძალ-ღონე. თუმცა, განცხადებები, რომ მისიის შეჩერება ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას უკავშირდება – მცდარია“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ვახტანგ ჭარაიამ “კვირას” განუცხადა.
როგორც ჭარაია აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დროებით შეჩერება ჯერ კიდევ 2022 წლიდან მოხდა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, საკითხი პოლიტიკური ჭრილიდან საქმიან განზომილებაში გადავიდეს და მხარეებმა მისი უსწრაფესი ამოქმედებისთვის ყველა ღონე იხმარონ.
„ინფორმაცია, მისიის შეჩერების შესახებ სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის შეუთანხმებლობის საფუძველზე, ჯერ კიდევ 2022 წლიდან გავრცელდა და 19-20 სექტემბრის მოვლენებამდე (იგულისხმება სანქცირების საკითხი) თვეებით ადრე, კერძოდ ივნისის ბოლოს განხორციელდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როდის შეწყდა მისია, მნიშვნელოვანია, საკითხი პოლიტიკური ჭრილიდან საქმიან განზომილებაში გადავიდეს და მხარეებმა მისი უსწრაფესი ამოქმედებისთვის ყველა ღონე იხმარონ. ზედმეტი პოლიტიკური აურზაური ამ საკითხს პოზიტიურს არაფერს შემატებს. პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას და მის პერსპექტივას”, – განუცხადა “კვირას” ვახტანგ ჭარაიამ.