TPMM საუბრების მეორე შეხვედრის ფოკუსში ომის ფოტოგრაფია იქნება
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში TPMM საუბრების მეორე შეხვედრის ფოკუსში ომის ფოტოგრაფიაა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გადის. შესაბამისად, შეხვედრაც ომის ფოტოგრაფიას დაეთმობა.
„უკანასკნელი 150 წლის მანძილზე ფოტოგრაფია მსოფლიოში მიმდინარე ომების ვიზუალური დოკუმენტაციისა და მორალური გააზრების უმნიშვნელოვანესი მედიუმია – ყირიმის ომიდან (1853-1856) დაწყებული, რომელმაც ომის ფოტოგრაფიის პირველი ნიმუშები შემოგვინახა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომამდე. ქართველი, რეგიონული და საერთაშორისო ომის ფოტოგრაფების ობიექტივში ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მოხვდა.
დროსთან ერთად იცვლება შეიარაღებული კონფლიქტებისა და ომების წარმოების “ბუნება“. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, ასევე იცვლება ომის ფოტოგრაფიის ერთგვარი ნორმები – თანამედროვე ფოტოგრაფები და ვიზუალური ხელოვანები ომის თემატიკაზე ნამუშევრების შექმნისას თავისუფლად ოპერირებენ განსხვავებული ჟანრებით და მეთოდებით – ფოტოჟურნალისტიკიდან კონცეპტუალურ ფოტოგრაფიამდე.
მოწვეული ფოტოგრაფები – შაჰ აივაზოვი, დავით მძინარიშვილი და ლელი ბლაგონრავოვა გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ისაუბრებენ ფოტოგრაფის როლსა და დოკუმენტაციის მნიშვნელობაზე კონფლიქტის ზონაში, ასევე იმ სირთულეებზე, რომლებიც მხოლოდ ომში მუშაობისას იჩენენ თავს.
შეხვედრის პარალელურად, მრავალ მონიტორიანი ვიდეო ინსტალაციის ფორმატში ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების მიერ აფხაზეთში სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოპროექტებიც იქნება ნაჩვენები. მათ შორის: ერიკ ბოდლერის, ანნა ძიაპშიპას, იონას ბენდიკსენის/Magnum Photos, მარია გრუზდევას, იური კოზირევის/NOOR, იუსტინა მელნიკევიჩის/MAPS, გიორგი პინხასოვის / Magnum Photos, თომას დვორჟაკის / Magnum Photos, ისევე როგორც, ფოტოები საოჯახო ალბომიდან, უცნობი პოლონელი ტურისტის ფოტოარქივი და 70-იანი წლების კინო ჟურნალები… ეს მულტიმედიური პროექტები 2018 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის პროგრამისთვის შეიქმნა სახელწოდებით “შავი ზღვის მარილიანი გემო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას მოდერაციას ნესტან ნიჟარაძე გაუწევს.