მაია ომიაძე სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს.

„ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს. სწორედ თითოეული თქვენგანის დაუღალავი მუშაობის შედეგად საქართველომ მსოფლიოს რუკაზე თავი მყარად დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და მიმზიდველმა ტურისტულმა მიმართულებამ. ტურიზმის ინდუსტრიის როლი საქართველოს ეკონომიკაში წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. პანდემიის შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა კერძო სექტორთან ერთად აქტიურად დავიწყეთ ტურიზმის აღდგენა, შედეგად უკვე წელს საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. 6 თვეში ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი).

2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით. საქართველოს წარმატება არაერთხელ აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გავლენიანმა მედია საშუალებებმა და ტურისტულმა პლატფორმებმა. მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენი დელეგაციის ინიციატივას და საქართველოს მომავალ წელს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, სადაც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი ღირსეულად წარმოჩინდება. ჩვენი გუნდი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოში ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის, ახალი ბაზრების ათვისების, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე სექტორის საქმიანობის გაუმჯობესებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები