ლიბიის მთავარმა პროკურორმა, ქალაქ დერნაში მასშტაბური წყალდიდობის გამოძიების ფარგლებში, 8 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირის დაკავების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ პროკურორის კანცელარიაში განაცხადეს, – იტყობინება Al Jazeera.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 10 000 ან მეტი ადამიანი შესაძლოა, დაკარგული იყოს.
გენერალური პროკურორის, ალ-სიდიქ ალ-სურას განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკითხულია წყლის რესურსების მართვისა და კაშხლების ადმინისტრაციის შვიდი ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, რომლებსაც ბრალად ედებათ არასწორი მართვა, დაუდევრობა და შეცდომები, რამაც კატასტროფას შეუწყო ხელი.
ასევე, დაიკითხა დერნას მერი -,აბდულმენამ ალ-გაიტი, რომელიც სტიქიის შემდეგ გაათავისუფლეს.
მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დაკითხვაზე კიდევ რვა თანამდებობის პირს დაიბარებენ.
გენერალურმა პროკურორმა ალ-სურმა თქვა, რომ დერნას ორი კაშხალი 1998 წლიდან არის დაზიანებული. 2010 წელს თურქული კომპანიის მიერ დაწყებული რემონტი რამდენიმე თვეში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ლიბიაში 2011 წლის აჯანყება დაიწყო.
მისი ოფისის ცნობით, გამოძიება ყურადღებას ამახვილებს კაშხლის მოვლის ხელშეკრულებაზე თურქულ ფირმასა და ლიბიის წყლის დეპარტამენტს შორის.
რაც შეეხება კატასტროფის შედეგებს, ორი კვირის შემდეგაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ისევ ცდილობენ დაკარგულების მოძებნას. ისინი ცხედრების ძებნას ზღვაშიც აგრძელებენ.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (UNOCHA) ცნობით, წყალდიდობის შედეგად, დერნას საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურის, დაახლოებით, მესამედია განადგურებული.