ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ფიქრობს, რომ ევროკავშირს შეუძლია, შესთავაზოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ზოგიერთი სარგებელი, სანამ ეს ოფიციალურად მოხდება.
ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში თქვა.
“თუ ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყნებში მობილური როუმინგის გაფართოებას, მოდით გავაკეთოთ ეს, ქსელის ოპერატორები უკვე მზად არიან”, – აღნიშნა მან.
მეცოლას თქმით, კიდევ ერთი უპირატესობა შეიძლება, იყოს სავაჭრო ბარიერების მოხსნა, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზეც შეიძლება საუბარი.
„გაწევრიანებადე ეტაპი ასევე ნიშნავს ფულთან ხელმისაწვდომობას, უნივერსიტეტებზე წვდომას, შიდა ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას. ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ უკრაინა არ შეიძლება შეუერთდეს ევროპულ ელექტრო ქსელს – და ეს რამდენიმე დღეში გავაკეთეთ, მას შემდეგ – რაც ომი დაიწყო. ანუ ეს ყოველთვის პოლიტიკური ნების საკითხი იყო“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შობამდე, დეკემბერში დაიწყება.
„მე ველოდები მკაფიო შედეგს, რადგან ყველაზე ცუდი სიგნალი, რაც შეიძლება გაიგზავნოს, არის ის, რომ ჩვენ მათ ვუსახავთ მიზნებს და ვადებს, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვერ ვასრულებთ“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ის იზიარებს ევროპელი ოფიციალური პირების იმ ნაწილის აზრს, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირმა არ უნდა დააყოვნოს უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღება, რომლებიც ამ გზაზე კიდევ უფრო მეტხანს დგანან.
„თუ გაფართოებას მუდმივად გადადებ, ეს მხოლოდ ნაციონალიზმს და ულტრა მემარჯვენეებს გააძლიერებს. ეს გააძლიერებს პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს ფლანგებს, ევროსკეპტიციზმს. კანდიდატ ქვეყნებში საარჩევნო კამპანიები ტარდება, იმარჯვებენ ან აგებენ ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების გარშემო”, – თქვა მან.