სედა დარბინიანი – ,,სახელმწიფო ენის ფლობა აუცილებელია საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრაციისთვის“
სედა დარბინიანი ეროვნებით სომეხი, საქართველოს მოქალაქეა. ამჟამად, იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
კარიერული წინსვლისა და, ზოგადად, საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ენის სრულყოფილად სწავლა წლების წინ გადაწყვიტა.
როგორც თავად აცხადებს, მიზნის მისაღწევად სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აირჩია.
,,2014 წელს გავიარე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1 და A2 დონეები, შემდეგ, 2018 წელს დავასრულე B1 დონე, 2022 წელს კი – B1+ დონე სამართალმცოდნეობის დარგობრივი მიმართულებით გავიარე. ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნით მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. გამიმარტივდა კომუნიკაცია, დაკისრებული სამუშაოს უკეთ და დამოუკიდებლად შესრულება. კარგად გავიცანი ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, ტრადიციები და, რაც მთავარია, მეტად თავდაჯერებული გავხდი. ამასთანავე, ჩემთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობა და დისკუსიებში ჩართულობა,“ – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
,,ჟვანიას სკოლის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსების გავლა გადავწყვიტე პირველ რიგში იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო ენაა და როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, ვფლობდე ჩემი ქვეყნის ენას, ასევე ჩემი სამუშაოს უკეთ შესრულებისა და სრული ინტეგრაციისათვის, რისთვისაც სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნაა საჭირო”, -ამბობს სედა.
ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას დაარსების დღიდან ახორციელებს, რომლის მთავარ მიზანსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს.