“რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები სამხრეთ ოსეთზე არ ვრცელდება” – ე.წ.ეკონომიკის მინისტრი

“რუსეთის მთავრობის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები სამხრეთ ოსეთზე არ ვრცელდება”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ე.წ.ეკონომიკური განვითარების მინისტრმა – ძამბოლატ ტადტაევმა.

„21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ შემოიღო დროებითი აკრძალვა კომერციული ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე იმ დათქმებით, რაც მითითებულია დადგენილების მე-2 პუნქტში. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და აფხაზეთს ექვემდებარებოდა ორი ქვეპუნქტი „ვ“ და „კ“, რომლის მიხედვითაც მათზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა“, – აღნიშნა ტადტაევმა.

ე.წ. ვიცეპრემიერის თქმით, 23 სექტემბერს დადგენილებაში შევიდა ცვლილებები, სადაც „ვ“ ქვეპუნქტი სხვა ფორმულირებით იყო დაფიქსირებული, ხოლო „კ“ ქვეპუნქტი მთლიანად ამოიღეს. ამავდროულად, არაერთმა მედიასაშუალებამ აღნიშნული წარმოაჩინა ისე, თითქოს, შეზღუდვები საბოლოოდ ე.წ.სამხრეთ ოსეთსაც შეეხო.

„მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, მაშინ „ვ“ ქვეპუნქტში დავინახავთ, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებულ საქონელზე საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში (მათ შორის, EAEU-ს წევრ ქვეყნებში)“, – განაცხადა ტადტაევმა.

21 სექტემბერს რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, ქვეყნიდან ნავთობროდუქტების, კერძოდ კი, ბენზინის და დიზელის საწვავის ექსპორტი დროებით იზღუდება.

ამავდროულად, დადგენილების მე-2 პუნქტი შეეხება იმ გამონაკლისებს, რომლებზეც ეს შეზღუდვა არ ვრცელდება.

“ვ” ქვეპუნქტში ნათქვამია, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ საქონელს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში გადის;

ქვეპუნქტ “კ”-ში ნათქვამი იყო, რომ შეზღუდვა არ ეხება საქონელს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან “სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში” გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები