საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი ნიგერთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს, სადაც ივლისში სამხედრო გადატრიალება მოხდა.
მაკრონის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ელჩი დატოვებს.
ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ საკუთარი გადაწყვეტილება ნიგერის პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმს აცნობა.
მან ბაზუმს “მძევალი” უწოდა და თქვა, რომ საფრანგეთი მას ქვეყნის ერთადერთ კანონიერად არჩეულ ლიდერად მიიჩნევს.
საფრანგეთმა უარი თქვა ახალი მთავრობის აღიარებაზე და აგვისტოში ამბოხებულებმა მას ელჩის, სილვენ იტას ქვეყნიდან გაყვანისთვის 48 საათი მისცეს. პარიზს ის ოფიციალურად არ გაუწვევია, მაგრამ ქვეყნის ახალმა ლიდერებმა იტას დიპლომატიური იმუნიტეტი ჩამოართვეს.
საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები, მათ შორის, თავად ელჩი საელჩოში ფაქტობრივად ბლოკირებული აღმოჩნდნენ და, გარეთ გასვლის შიშით, იძულებულნი იყვნენ, სამხედრო რაციონი მიეღოთ.
ინტერვიუში მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი „შეწყვეტს სამხედრო თანამშრომლობას ნიგერის ხელისუფლებასთან, რადგან მათ აღარ სურთ ტერორიზმთან ბრძოლა“.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მყოფი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა, რომლის რაოდენობა 1500-ს შეადგენს, ეტაპობრივად მოხდება და პროცესი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ნიგერში საფრანგეთის სამხედრო ყოფნა ქვეყნის მთავრობის თხოვნაზე პასუხი იყო, მაგრამ გადატრიალების შემდეგ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა შეჩერდა.