მანანა პაიჭაძე მწერალთა სახლის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა

მწერალთა სახლის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელად ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანისტი, მთარგმნელი მანანა პაიჭაძე დაინიშნა.
კულტურის სამინისტროს  ინფორმაციით, მანანა პაიჭაძე არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტი. 1976-1979 წლებში სწავლობდა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანულ განყოფილებაზე, ხოლო1979-1982 წლებში – იენის ფ. შილერის სახელობის უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მინიჭებული აქვს რომანულ-გერმანიკული ენების ფილოლოგის, დიპლომირებული გერმანისტის, გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1983-1985 წლებში იყო თსუ-ის გერმანული ფილოლოგიის კათედრის დასწრებული ასპირანტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ლექსიკური ფაქტორების გავლენა ზმნური გვარის მექანიზმზე თანამედროვე გერმანულ ენაში”. 1992 წელს დაამთავრა გერმანიის ქ. ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორანტურა და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რეფლექსურობის კატეგორია თანამედროვე გერმანულ ენაში – გრამატიკული სტატუსი და გამოხატვის ფორმები“.
1988-1990 წლებში იყო თსუ-ის გერმანული ფილოლოგიის კათედრის მეცნიერი თანამშრომელი, 1990-1992 წლებში – თსუ-ის გერმანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1992-1995 წლებში – თსუ-ის გერმანული ფილოლოგიის კათედრის პროფესორი. 1995 წელს მიენიჭა პროფესორის აკადემიური წოდება.
1995-2006 წლებში იყო რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის გამგე, ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის მიწვეული სპეციალისტი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წლიდან კითხულობს კურსს „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია თეატრსა და კინოში“, კონსერვატორიაში კი კითხულობს კურსს „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია ოპერაში“.
2012-2015 წლებში იყო თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
2021 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია.
არის 24 საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის და 15 ლოკალური კონფერენციის მონაწილე, 58 სამეცნიერო ნაშრომის (მათგან 16 საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის), მათ შორის – ორი მონოგრაფიისა და ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.
არის ღირსების ორდენის კავალერი, დაჯილდოებულია ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საერთაშორისო კულტურული ფონდის ოქროს მედლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები