თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „საქართველოს“ მონაწილეებმა გალაკონცერტი გამართეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა გალაკონცერტი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ფინეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა ქართულ ანსამბლებთან ერთად შეასრულეს ქართულ ხალხური სიმღერები. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის, „საქართველოს“, მონაწილეებმა პირველი კონცერტი 19 სექტემბერს ახალციხის ციხესთან გამართეს. ქართულად ამღერებული ევროპელების კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მანამდე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად ფესტივალის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ მიზნით ფოლკლორის ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ინფორმაციისთვის: წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ ევროპის ხუთი ქვეყნის – იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის – ფოლკლორული ანსამბლები: „მასპინძელი“ (დიდი ბრიტანეთი), „დ’ალტროკანტო დუო“ (იტალია), „მეზობლები“ (ბელგია), „ტევრი“ (ფინეთი) და „საქართველო“ (ნიდერლანდები). საგულისხმოა, რომ ანსამბლების უმრავლესობას ქართული სახელწოდება აქვს. ისინი, წლებია, ქართულ მრავალხმიანობას იკვლევენ და სწავლობენ.
ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები: „ბასიანი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ადილეი“, „მარგალიტი“, „შილდა“ და „ლალხორი“.
22 სექტემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება.
18-22 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ მეოთხედ იმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა.
საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/SakartveloFolkFest

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები