კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო დრამატულ თეატრებში მოქმედი მუზეუმების ხელშესაწყობად კონკურსი პირველად გამოაცხადა
21 სექტემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველად გამოაცხადა კონკურსი – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, არაერთ სახელმწიფო დრამატულ თეატრს აქვს მდიდარი სამუზეუმო და საარქივო მასალა, მათ შორის – გამოჩენილი მხატვრების ესკიზები, დეკორაციების მაკეტები, სპექტაკლების სარეპეტიციო დღიურები, აფიშები, პროგრამები, კოსტიუმები, რეკვიზიტები, ფოტომასალა, ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების, დრამატურგების, კომპოზიტორების შემოქმედების ამსახველი თუ სხვა მემორიალური ნივთები.
„აღნიშნული ექსპონატები დაცულია თეატრებთან არსებულ მუზეუმებში და ბევრი მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. დრამატული თეატრების მუზეუმები ქმნიან და იცავენ ქართული თეატრის, სარეჟისორო და სამსახიობო ხელოვნების, სცენოგრაფიის ისტორიას.
კონკურსის ბიუჯეტია 50 000 ლარი და მისი მიზანია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა, ფონდების შევსება-განახლება, ექსპონატების რესტავრირება, სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის მოწესრიგება.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები, რომლებიც გულისხმობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში მოქმედი მუზეუმების ხელშეწყობას უკეთესად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა ხარჯით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარმოდგენა.
კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული პროექტის/ღონისძიების (შემდგომში – პროექტი) დაწყების თარიღად განისაზღვრება არაუადრეს 2023 წლის 23 ოქტომბრისა, ხოლო პროექტის დასრულების თარიღად – არაუგვიანეს 2023 წლის 1 დეკემბრისა.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 21 სექტემბრიდან 2023 წლის 2 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით – ტელ. N:032 202 2229 ან 599 14 32 48.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, არაუგვიანეს 2023 წლის 13 ოქტომბრისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და
საკონკურსო პირობები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Vwc3fWwZ