პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში” ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.
საკითხზე მომხსენებლის, ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს „სამოქალაქო კოდექსის” შესაბამის ნორმებში ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებასა და შინაარსობრივ დაზუსტებას.
მისი განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც 27 კანონპროექტისგან შედგება, საკანონმდებლო ბაზა სწორდება იმ დისკრიმინაციული ტერმინებისგან, რაც დღემდე შშმ პირთა მიმართებით არსებობს. „ეს არის თანმიმდევრული ნაბიჯი, იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი შშმ პირთა უფლებების განმტკიცების პროცესში იღებს. გამოვყოფ გაეროს კონვენციის რატიფიცირებას, ქმედუნარიანობის რეფორმას, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას ამ მოწვევის პარლამენტში. 2020 წელს კი ახალი კანონის მიღებას შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.