ეროვნული არქივის კინოთეატრი ჩინური კინოს ფესტივალს მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ჩინური კინოს ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს გაიმართა ფილმის – „სახლში დაბრუნება“ – ჩვენება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ეროვნული არქივი ჩინური კინოს ფესტივალს მიმდინარე წლის 17-19 და 27-30 სექტემბერს მასპინძლობს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაცია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჩინეთის კინოადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით იმართება.
საფესტივალო დღეებში შვიდ ფილმს აჩვენებენ: „Home Coming“, „Huang Wenxiu“, „Fade Away Pastoral“, „The Wandering Earth“, „I Am What I Am“, „The Shadowless Tower“, „The Battle At Lake Changjin II“.
ინფორმაციისთვის: 19 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის წარმომადგენლებსა და ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაციას შორის.