ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურასთან აქცია გაიმართა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა აქცია გამართეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ნადირაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე წლების განმავლობაში აკონტროლებდა და აკონტროლებს სახელმწიფო უწყებებს.
“ოთარ ფარცხალაძე წლების განმავლობაში აკონტროლებდა და აკონტროლებს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე, პროკურატურას, სხვა სახელმწიფო უწყებებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც რეკომენდაციას უწევდა “კაგებეშნიკი” ფარცხალაძე – უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს და დაიწყოს გამოძიება. ისინი უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე, რამდენად ჰქონდა გავლენა “კაგებეშნიკ” ოთარ ფარცხალაძეს მათზე”,- აღნიშნა ნადირაძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათივე ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან ამავე წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.