ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ავტოპარკი სრულად განაახლა. სპეციალური დანიშნულების ახალ ტექნიკას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 37 მაღალი გამავლობის „პიკაპი“ და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება. სპეცტექნიკით სააგენტო ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს, როგორიცაა ტყის-მოვლა აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სახელმწიფო ტყის ტერიტორიების მონიტორინგი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სამსახურების ტექნიკით სრულად აღჭურვის პროცესს. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ სპეცტექნიკასა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე, დაახლოებით, რვა მილიონი ლარი იქნა მიმართული. აქედან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილი კი, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით არის დაფინანსებული.
აღნიშნული ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სატყეო სააგენტომ უფრო ეფექტიანად შეასრულოს სამეურნეო საქმიანობა, განახორციელოს შესაბამისი სატყეო გზების გაყვანის სამუშაოები, რათა ხანძრის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ოპერატიულად შევძლოთ შესაბამისი სამსახურების მობილიზება. ახალი ტექნიკით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები