კულტურის მინისტრი „სტეინვეი ენდ სანსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპანია „სტეინვეი ენდ სანსის“ (STEINWAY & SONS) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „სტეინვეი ენდ სანსის“ (STEINWAY & SONS) პრეზიდენტი გიდო ციმერმანი, რეგიონული დირექტორი ანტონ ვილჰელმი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და სტეინვეის ნიუ-იორკის ქარხნის მთავარი ფინანსისტი მაია მუტოპულოსი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა კონსერვატორიის შენობა და „სტეინვეი ენდ სანსის“ როიალები სამუშაო ვითარებაში დაათვალიერეს. პიანისტმა, კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა, ტატო ალანიამ სტეინვეის საკონცერტო როიალები პრაქტიკაში გამოცადა და სტუმრებისთვის სკრიაბინის „ორი პოემა“ Op. 32 შეასრულა. ტატო ალანია 2011-2019 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ ნუცა ჭირაქაძის კლასში, და მაგისტრატურის საფეხურის კურსდამთავრებულია.
კულტურის სამინისტრო ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო 2024 წლის განმავლობაში როიალების შემოტანის პროცედურებსა და სამომავლო მომარაგების საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა სხვა სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე. მიმდინარე წლის სექტემბერში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი” და ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი მიიღებენ სტეინვეისგან უფასოდ, საცდელად, ახალ ორ-ორ ინსტრუმენტს – როიალსა და პიანინოს. გარდა ამისა, შეხვედრაზე თეა წულუკიანმა წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, მაია ხაჯიშვილის, პოზიცია „სტეინვეი ენდ სანსთან“ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სტეინვეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას მინისტრმა კიდევ ერთხელ განიხილა საკითხი, რომ კომპანიამ გადაამზადოს ქართველი ფორტეპიანოს ამწყობი სპეციალისტები და ჰამბურგში, სტეინვეის ქარხანაში, სამინისტროს დაფინანსებით მათ გაიარონ ტრენინგ-კურსები, რათა ინსტრუმენტების ეს დიდი ფონდი სათანადოდ შემოვინახოთ.
„ცნობისათვის: ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან „სტეინვეი ენდ სანს“ რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით კონსერვატორიას ეტაპობრივად, 2025 წლამდე, გადაეცემა 78 როიალი, აქედან:
17 როიალი – 2022 წელს;
61 როიალი – 2023-25 წლებში, ყოველწლიურად კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და ოდენობის მიხედვით.
2022 წელს როიალებისთვის გამოიყო 1 753 000 ევრო, 2022-25 წლებში კი – 8 012 636 ევრო.
2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტრომ „სტეინვეის“ ცხრა როიალი მიიღო და კონსერვატორიის როიალების ფონდი 50-წლიანი წყვეტის შემდეგ განახლდა. მოცემული ცხრა როიალიდან ხუთი სამუშაო როიალია, ორი – ნახევრად საკონცერტო და ორიც კამერული ანსამბლისთვისაა განკუთვნილი. ასევე, 2022 წლის 8 დეკემბერს კონსერვატორიას გადაეცა როიალების მეორე პარტია, კერძოდ, რვა სამუშაო როიალი. 2023 წლის 15 ივნისს კი როიალების მესამე პარტია, შვიდი სამუშაო როიალი მიიღო. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე კონსერვატორიის კიდევ 11 აუდიტორია დაკომპლექტდება 13 როიალით.
ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია ვალდებულია საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ, მუსიკალურ ინსტრუმენტებს უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ და ასევე უფასოდ მოამზადებენ/გადაამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს (ამწყობებს), რადგან საქართველოში ამწყობის პროფესია, დიდი ხანია, იშვიათობად იქცა.
აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანია „სტეინვეისთვის“ ევროპის მასშტაბით ეს შესყიდვა უპრეცედენტოდ ითვლება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, კომპანიაში „სტეინვეი ენდ სანს“. თეა წულუკიანი კომპანიის პრეზიდენტს გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. მინისტრმა დაათვალიერა ’’STEINWAY & SONS“-ის როიალების საწარმო, მათ შორის, საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს უნდა გამოგზავნილიყო. როიალების გამოსაგზავნი პარტიის შესამოწმებლად და კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მინისტრთან ერთად კომპანიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია ეწვია. მან ერთ-ერთ როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.
სამწუხაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ კონსერვატორიისთვის, არამედ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებისთვისაც. ინსტრუმენტებს განსაკუთრებულად საჭიროებენ: სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს, სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯი (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და არაერთი სხვა.
სახელმწიფოს დახმარებით, 2021 წლის ოქტომბერში, პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში, ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში – „ნიჭიერთა ათწლედი“. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი ’’STEINWAY & SONS (Essex Piano)“, ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები