ეპიკური მასშტაბის კატასტროფა და 11 ათასზე მეტი დაღუპული – წყალდიდობის გამომწვევი მიზეზები ლიბიაში

წითელი ჯვრის ბოლო შეფასებით, აღმოსავლეთ ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა, ხოლო 20 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანა „ეპიკური მასშტაბის კატასტროფას“ განიცდის.

საპორტო ქალაქ დერნას მერის, აბდულმენამ ალ-ჰაიტის თქმით, 18 ათასიდან 20 ათასამდე ადამიანი მდინარე დერნას ზემოთ ორი კაშხლის ჩაშლისას დაიღუპა. ეს არის ქალაქი, რომელიც დამანგრეველმა წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა.

ალ-ჰაიტმა ტელეკომპანია Al-Arabiya-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა ცხედრების გამოსატანად სპეციალისტების ჯგუფი ესაჭიროებათ.

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისინი „ათობით ცხედარს ზღვაში მუდმივად აგდებენ“.

გაერო დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებების საშიშროების შესახებ საუბრობს.

ტრიპოლის ადმინისტრაციამ ორი კაშხლის ჩამონგრევის ფაქტზე, რამაც კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია, გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ექსპერტები კვლავ ფრთხილობენ მსხვერპლთა ასეთი დიდი რაოდენობის მიზეზებზე საუბრისას, თუმცა მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში კაშხლები არ იყო სათანადო მდგომარეობაში. ამიტომ, როდესაც ქარიშხალი „დანიელი“ ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ფუნქციის შესრულება.

დერნას წყალდიდობა არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება კლიმატურმა და გეოგრაფიულმა პირობებმა ქარიშხალი კატასტროფად აქციოს.

„წყალდიდობა ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფაა, როდესაც საქმე ეხება ქონების განადგურებას და სიცოცხლის დაკარგვას“, – ამბობს კეტრინ მაჩი, მაიამის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და პოლიტიკის პროფესორი.

მისივე თქმით, მათგან საშიშროება და ზიანი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და წყალდიდობის გავლენას მოცემულ ადგილას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს.

ერთ-ერთი მათგანია კლიმატი. პროფესორი მიიჩნევს, რომ ლიბიას აქვს მშრალი კლიმატი და იშვიათად განიცდის ასეთ ძლიერ ნალექებს. ლიბიის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, კვირას, დერნას მიდამოებში რეკორდული წვიმა მოვიდა – დაახლოებით 400 მმ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში მთელი სექტემბრის განმავლობაში ჩვეულებრივ მხოლოდ 1,5 მილიმეტრი ნალექი მოდის.

მაჩის თქმით, კლიმატის ცვლილება იწვევს ნალექის გაძლიერებას. გასულ კვირას ქარიშხალმა „დანიელმა“ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია საბერძნეთსა და თურქეთში. მშრალ რეგიონებში წყალი უფრო მეტად რჩება ნიადაგის ზედაპირზე, რაც ხშირად იწვევს წყალდიდობას. ტენიან რეგიონებში ამას ხელს უშლის უფრო ფოროვანი ნიადაგი, რომელსაც შეუძლია წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობის შთანთქმა.

დერნაზე კაშხლები საკმაოდ დიდი ხნის წინ, მოძველებული სტანდარტების მიხედვით აშენდა.

„თუ მათ სათანადოდ მოქმედი მეტეოროლოგიური სამსახური ექნებოდათ, მათ შეეძლოთ გაფრთხილებების გაცემა“, – თქვა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გენერალურმა მდივანმა, პეტერი ტაალასმა.

ტაალასის თქმით, WMO ადრეც ცდილობდა ლიბიის ხელისუფლებას მეტეოროლოგიური სისტემის რეფორმაში დახმარებოდა, თუმცა, თანამშრომლების უსაფრთხოების საფრთხის გამო, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამავდროულად, კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი პროგნოზირებს, რომ ხმელთაშუა ზღვის ქარიშხლები, როგორიც ლიბიაში იყო, შესაძლოა მომავალში ნაკლებად გახშირდეს, მაგრამ მათი დესტრუქციული ძალა შესამჩნევად გაიზრდება.

მეორე ფაქტორად თავად კაშხლების მდგომარეობა და უძველესი ინფრასტრუქტურა სახელდება.

მდინარე დერნაზე კაშხლები 1973-77 წლებში იუგოსლავური კომპანიის Hidrotehnika-Hidroenergetika-ს მიერ აშენდა, რომელიც ამჟამად სერბეთში მდებარეობს.

2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ნაშრომში, აბდელვანეს აშურმა, ომარ ალ-მუხტარის უნივერსიტეტის ჰიდროლოგმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კაშხლები, რომლებიც აფერხებენ წყლის სეზონურ ნაკადს, საჭიროებს სასწრაფო რემონტს. მან ასევე მოიყვანა წყალდიდობის მაგალითები, რომლებიც არაერთხელ მომხდარა რეგიონში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება კაშხლების გეგმიური მოვლა-პატრონობისთვის, რადგან დიდი წყალდიდობის შემთხვევაში შედეგები კატასტროფული იქნება ხეობისა და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის“, – წერდა მაშინ აშური.

ასმა ხალიფა, სამშვიდობო ორგანიზაციის Khalifa Ihler Institute-ის თანადამფუძნებელი და გერმანიის გლობალური და რეგიონული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობამ და ლიბიის პოლიტიკურმა კონფლიქტებმა დიდი როლი ითამაშა კაშხლების განადგურებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები