14 სექტემბერი ელისო ვირსალაძის დაბადების დღეა
14 სექტემბერი ლეგენდარული ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის დაბადების დღეა. ეროვნული ბიბლიოთეკა ამ დღესთან დაკავშირებით პიანისტის იშვიათ ფოტოს აქვეყნებს.
დაიბადა თბილისში, 1942 წლის 14 სექტემბერს. ელისო ვირსალაძემ 1960 წ. დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“, 1964 წ. – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1968 წ. – მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა.
ელისოს დებიუტი საკონცერტო ესტრადაზე შედგა 1953 წელს, როცა მეხუთე კლასის მოსწავლემ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ბეთჰოვენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი.
არაჩვეულებრივმა საშემსრულებლო ხელოვნებამ ელისო ვირსალაძეს საერთაშორისო აღიარება და არაერთი ჯილდო მოუტანა: 17 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ახალგაზრდობის მე-7 საერთაშორისო ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (1959); წარმატება ხვდა წილად მუსიკოს-შემსრულებელთა მოსკოვის საკავშირო (1961, III, პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III, პრემია) კონკურსებზე, აგრეთვე, ცვიკაუს (გდრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (1966, I, პრემია); 1976 წ. დაჯილდოვდა რ. შუმანის სახელობის ეროვნული პრემიით (გდრ); 1991 წელს კი ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიით.
მუსიკოსი მრავალი საპატიო წოდების მფლობელია: 1974 წელს მიენიჭა საქართველოს, ხოლო 1989 წელს – სსრკ სახალხო არტისტის წოდება; 1983 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
ელისო ვირსალაძემ მოიპოვა საქართველოს სახელმწიფო პრემია; გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე; 2013 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2017 წელს კი – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.