საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებმა ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალს ჩაუყარეს საფუძველი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დააფუძნა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, სახელოვნებო უნივერსიტეტების რექტორები, თეატრმცოდნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის დაჯილდოების ღონისძიებას უძღვებოდა ნიკა წულუკიძე.
გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
1. საუკეთესო სპექტაკლი – „მახინჯი იხვის ჭუკი“;
2. საუკეთესო რეჟისურა – ნინო მაღლაკელიძე;
3. საუკეთესო სცენოგრაფია – ვახო ქორიძე;
4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – სანდრო ნიკოლაძე;
5. საუკეთესო მსახიობი ქალი – ირინა კუბანსკი;
6. საუკეთესო მსახიობი კაცი – აბელ სოსელია;
7. ქართული კრიტიკის პრიზი – „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“. კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.
„ფესტივალის პირველ წელს რვა საკონკურსო და ორი არასაკონკურსო ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შვიდი თეატრის ათი სპექტაკლი. მომავალში ფესტივალი გაფართოვდება და მოიცავს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების თეატრალურ დასებს.
გარდა სპექტაკლის ჩვენებისა, ფესტივალი მსახიობებს სთავაზობდა მასტერკლასების სერიას: სასცენო მეტყველების სავარჯიშოები; თოჯინების თეატრი – ტრადიციული თურქული ჩრდილების თეატრი – ყარაგეზი; თოჯინების თეატრის დღევანდელი მდგომარეობა აზიასა და ყაზახეთში; ჩვილებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების შექმნა.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე. დირექტორები – იმედა თავდგირიძე და კონსტანტინე ქარქაშაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები