გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მიზნით, ის მომავალ კვირას თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.
„გადაწყვეტილი მაქვს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად ყველაფერი გავაკეთო“, – განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.
გაეროს ხელმძღვანელს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის შეხვდება რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან სერგეი ლავროვს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ივლისში შეაჩერა და თქვა, რომ მის მოთხოვნებთან დაკავშირებული ნაწილები „ჯერჯერობით არ განხორციელებულა“, რაც სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებების მოხსნას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული აგრარული ბანკის, SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემაში ჩართვას გულისხმობდა.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ სტამბოლში, გასული წლის ივლისში მოაწერეს.