დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის N2 2022 გადაწყვეტილება” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, მოცემული კონვენცია წარმოადგენს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II დანართის შემადგენელ ნაწილს და გამოიყენება პრეფერენციული ვაჭრობის ჭრილში საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვის. ცვლილება გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II დანართის მოქმედ რედაქციაში დამატებითი დებულებების გაწერას, რომელიც მიუთითებს წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებულ რედაქციაზე, როგორც ალტერნატიულ გამოსაყენებელ წესებზე. ეს ნიშნავს ეკონომიკური ოპერატორისთვის გაზრდილ არჩევანს პროდუქციის წარმოების დროს გამოყენებული მასალების სხვადასხვა წყაროდან მოძიების თვალსაზრისით. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში გამარტივებულ მოთხოვნებს საწარმოო პროცესების მიმართ, რათა საბოლოო პროდუქტმა მიიღოს „საქართველოში წარმოშობილი” პროდუქციის სტატუსი და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადების შეღავათებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტს სარატიფიკაციოდ ასევე წარუდგინა ოქმი „სუუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების” საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე”.
მომხსენებლის თქმით, ოქმის მიზანია სუუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედება, რომლის შესაბამისად ოქმში გათვალისწინებულია წევრ ქვეყნებს შორის „კუმულაციური” პრინციპის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობა. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო. კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი კომიტეტში განსახილველად წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის მიზანია ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა ინდივიდუალური პირებისა და საწარმოების მიერ შერჩეულ სასოფლო დასახლებებში, ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, ციფრული ინფრასტრუქტურის გარემოს განვითარებისთვის, საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების მხარდაჭერა, დაინტერესებული მხარეების და მოქალაქეების ჩართულობის გზით. კომიტეტმა სამივე დოკუმენტის რატიფიცირების საკითხს კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით ასევე განიხილა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, ცვლილების მიღების აუცილებლობა განპირობებულია საავიაციო სფეროში ხომალდების სახელმწიფო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების გამარტივებასთან. კერძოდ, საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლები დარეგულირებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად. თუმცა, აღნიშნული არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საჰაერო ხომალდს ეცვლება დანიშნულება და იგი აღარ იქნება გამოყენებული სახელმწიფო ავიაციის მიზნებისათვის. ამდენად, ცვლილების თანახმად, საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღების საფუძველი გახდება ხომალდის დანიშნულების შეცვლა. წარმოდგენილ ცვლილებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.