“რუსეთს სომხეთის სახით მოკავშირის დაკარგვის არ ეშინია” – პესკოვი

​რუსეთს სომხეთის სახით მოკავშირის დაკარგვის არ ეშინია, თუმცა, მოსკოვი და ერევანი კვლავ დაახლოებული არიან, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ ვიყავით, ვრჩებით და დარწმუნებული ვარ, სომხეთთან ძალიან ახლო მოკავშირეები და პარტნიორები ვიქნებით. შეიძლება გვქონდეს გარკვეული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას, მაგრამ ისინი უნდა გადაწყდეს დიალოგის ფარგლებში, რადგან განვითარების ლოგიკა და ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გვკარნახობს ჩვენი ალიანსისა და პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

გარდა ამისა, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი გააანალიზებს, თუ რატომ იღებს სომხეთი გადაწყვეტილებებს – ჩაატაროს სამხედრო წვრთნები აშშ-სთან და არა – კუხო-სთან.

„იმ ფონზე, როდესაც სომხეთს არ მოუნდა წვრთნების ჩატარება კუხო-სთან და ახლა აცხადებს ამერიკელებთან წვრთნების ჩატარების სურვილს – ჩვენთვის ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროებს ძალიან, ძალიან ღრმა ანალიზს, რათა გავიგოთ – რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს სწორედ სომხეთი, რა მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი „შეეცდება ამის გაგებას და გააზრებას“.

”მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ყველაფერს სომხურ მხარესთან მჭიდრო, პარტნიორული დიალოგის ფარგლებში გავაკეთებთ,” – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები