“კიმ ჩენ ინი რუსეთს რამდენიმე დღეში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა”- კრემლი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს რამდენიმე დღეში ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ვიზიტი „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით განხორციელდება”.
როგორც “რია ნოვოსტის” რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, კიმ ჩენ ინის ვიზიტის დროს დაგეგმილია მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პირისპირ შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან.
მანამდე, კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ დასავლური მედია წერდა და სავარაუდო თარიღად 13 სექტემბერს ასახელებდა.
ამჟამად, პუტინი ვლადივოსტოკში იმყოფება, სადაც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
როგორც პესკოვმა თქვა, ფორუმის ფარგლებში, ლიდერების შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში უკანასკნელად 2019 წლის აპრილში იმყოფებოდა.