“უკონკურენტოა და მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს” – იყრის თუ არა პრეზიდენტად კენჭს 2024 წელს პუტინი
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება, პრაქტიკული თვალსაზრისით, ჯერ არ დაწყებულა, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ამჟამად, პრაქტიკული თვალსაზრისით, მზადება ჯერ არ დაწყებულა. ახლახან გავიარეთ არჩევნები, რომელიც გუშინ დასრულდა – 20 რეგიონის და რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეების. არჩევნები იყო ძალიან ფართო. ვაჯამებთ შედეგებს, ვაანალიზებთ შედეგებს, თუმცა, ისინი ძალიან, ძალიან მჭევრმეტყველურია“, – თქვა მან RBC-თან ინტერვიუში.
რაც შეეხება საკითხს – მიიღებს თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვლადიმერ პუტინი, პესკოვმა თქვა, რომ კრემლის ლიდერს მსგავსი განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, თუ ის წარადგენს კანდიდატურას, კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
“პრეზიდენტს ჯერ არ განუცხადებია, რომ წარადგენს თავის კანდიდატურას. მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, აშკარაა, რომ მას ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე, კონკურენციას ვერავინ გაუწევს”, – თქვა პესკოვმა.
კრემლის სპიკერის თქმით, ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს და არაერთი წელია, ის აჩვენებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უნარს.
„გუშინ დამთავრებულმა არჩევნებმა და არჩევნების შედეგებმა, ალბათ, ყველაზე ნათლად დაადასტურა საზოგადოების კონსოლიდაცია ქვეყნის ხელმძღვანელობის ირგვლივ და მხარდაჭერის დონე, რომელიც მიიღეს რეგიონულმა ხელმძღვანელებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი რეალურად სარგებლობს ამ მხარდაჭერით. პრეზიდენტი მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის სარგებლობს – დიდი შესაძლებლობები და დიდ პასუხისმგებლობაა“, – თქვა მან.