შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა პეტრ კუბერნატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის მნიშვნელოვან საქმიანობაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მან ყურადღება გაამახვილა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, სლავკოვის ფორმატში განხორციელდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი, რაც კარგი შესაძლებლობაა არსებული ურთიერთობის შესაფასებლად და მომავალი გეგმების განსაზღვრისთვის. მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებზე, განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კერძოდ, 12 რეკომენდაციისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით. ელჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მზაობა. მან, ასევე ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას ევროპაში საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები