ჯეიკ სალივანი: თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს მიაწვდის, საფასურს გადაიხდის
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღს მიაწვდის, ქვეყანას ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.
„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კარგად არ აისახება ჩრდილოეთ კორეაზე და ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან საერთაშორისო საზოგადოებაში.
ჩვენ მომავალშიც მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი. დროთა განმავლობაში, ჩვენ არ გვინახავს, რომ ისინი აქტიურად აწვდიდნენ რუსეთს უკრაინაში ომისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას ან სხვა სამხედრო შესაძლებლობებს“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
The New York Times-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობის საკითხის განიხილოს.