„მწვანე არდადეგების” ფარგლებში დევნილმა ბავშვებმა იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მოინახულეს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტის „მწვანე არდადეგები” ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 40-მდე ბავშვი იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა. ახალგაზრდებს სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ უმასპინძლეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიებისა და ახალი ტურისტული სერვისების პოპულარიზაციაა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტი „მწვანე არდადეგები” გრძელდება და შემდეგი მოგზაურობა ველომოყვარულებს ბორჯომის ეროვნულ პარკში მოუწევთ.