“გირჩევდით, თქვენი ხელისუფლების რეპრესიული წარსული გაიხსენოთ და სინდისს მოუხმოთ” – ზურაბ ჩიკვილაძე

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს სხდომასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენი, ზოგიერთი ჩასაფრებული ოპონენტის მიერ, თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, კენჭისყრასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს.

ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობას მეტი დაფიქრება მართებდა, როდესაც, პროკურატურაში განცხადების შეტანა გოგა ონიანს დაავალა… მეტი რომ არაფერი ვთქვა, სულ ცოტა უხერხულია, ადამიანმა, რომელიც წარსულში გასამართლებული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე და ამ დანაშაულის ჩადენისთვის მოიხადა სასჯელი, რაც ნათელი დადასტურებაა იმის, რომ იგი არის “დე იურე” გამყალბებელი, დღეს ჩვენს წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში, ვითომ “ხმების გაყალბების” ფაქტზე…

შეიძლება ვინმემ იკითხოს, რომ ონიანთან ერთად, საჩივარზე ქ-ნ ბარბარა ჯიმელი-სულაშვილიც არის ხელმომწერი. გულწრფელად მინდა ვთქვა, მხოლოდ ქ-ნ ბარბარა რომ ყოფილიყო განცხადების ავტორი, საერთოდ არ მივცემდი მნიშვნელობას და რეაგირების გარეშე დავტოვებდი ამ სამარცხვინო ფაქტს… ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ დღეების განმავლობაში, ჩემმა კოლეგებმა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთი კომენტარი გააკეთეს…

მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, საკრებულოში გამართულ სხდომაზე, სადაც 81 საკითხი განიხილებოდა, რეგისტრაცია (ორი წევრის გარდა) საკრებულოს ყველა წევრმა გაიარა და თუ, კენჭისყრის მომენტში, რომელიმე მათგანი დარბაზიდან გასული იყო, თუნდაც, მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად, რაც მიღებული პრაქტიკაა, არ განიხილება დარღვევად. მით უმეტეს, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თანხმობის შესახებ თავისი პოზიცია, ყველამ საოქმო ჩანაწერში დააფიქსირა. ეს არის და ეს!.. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეგახსენებთ, რომ სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარია, დესტრუქციულ ოპოზიციას გაძლევთ საშუალებას, კანონმდებლობის ფარგლებში, “ყირაზეც გადახვიდეთ” … თუმცა, გირჩევდით, თქვენი ხელისუფლების რეპრესიული წარსული გაიხსენოთ და სინდისს მოუხმოთ…”,- წერს ჩიკვილაძე,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები