სამართალდამცველებმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი შპს „მცენარეთა დაცვის საწარმო“-ს ყოფილი თანამშრომელი – ანზორ გ. დააკავეს.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ანზორ გუჯეჯიანი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ე.წ „დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება – ჩაბარების დოკუმენტებს“ აყალბებდა. ბრალდებული გაყალბებულ საბუთებს თბილისის ტერიტორიაზე ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების მიზნით, მოქალაქეების სახელზე გასცემდა, რა დროსაც, მათგან სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.