თეა გოდოლაძე: ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ, არ გავჩუმდები – ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე – უპასუხეთ ხალხს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 2022 წელს მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც ის არა მოძალადე, არამედ თავად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

როგორც გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად შანტაჟისა, გაჩუმებას არ აპირებს.

“საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს – ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია “საფარის” იურისტს, ნინო ანდრიაშვილს.

ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე, საქმე სასამართლოშია. “რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა, თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.

მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს, გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიასა და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებლობების თემებთან მიმართებით გაკეთებულ ჩემს განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!

არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!”,- წერს გოდოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები