“უნდა გვესმოდეს, თუ რით შევძლებთ ქვეყნების დაინტერესებას, ეს არის რუსეთის მხარდაჭერის საკითხი” – არძინბა აფხაზეთის ე.წ. აღიარებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ბელარუსის მიერ ე.წ. რესპუბლიკის ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარება იქნება “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი”.

ამის შესახებ მან ოჩამჩირეში განაცხადა.

“ბელარუსის რესპუბლიკასთან კარგ დიალოგს ვავითარებთ. თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის”, – განაცხადა მან.

აუდიტორიის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ აღიარონ ე.წ. რესპუბლიკა, ე.წ მინისტრმა თქვა, რომ დიალოგი არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, “გვესმოდეს, რა შეუძლია, შესთავაზოს აფხაზეთმა ამ ქვეყნებს”.

„მე შევხვდი ირანის წარმომადგენელს, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელს. მათთან არის დიალოგი. რაც შეეხება აღიარებას, ვუბრუნდები იმას, რომ ხალხის დაინტერესებაა საჭირო. მაგალითად, ჩვენ ვიყავით ჩრდილოეთ კვიპროსში და განვიხილეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ჩრდილოეთ კვიპროსთან გვაქვს რაღაც საერთო. იგივე ტურიზმი, ისინიც ამუშავებენ ახალ აეროპორტს და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ჩრდილოეთ კვიპროსთან. ასევე შესაძლებელია ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიც ირანია, მაგრამ ეს არის ორმხრივი ინტერესის საკითხი, ეს არის რუსეთის მხარდაჭერის საკითხი“, – დასძინა ინალ არძინბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები