“საქართველო, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ავითარებს” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ “საქართველო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე” რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ავითარებს, ქართული ეკონომიკა აქტიურად ვითარდება.
ამის შესახებ მან ოჩამჩირის რაიონში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს თქვა. მანამდე ის “ენგურის”საგუშაგოს სტუმრობდა”. არძინბას მივლინება, ოფიციალური ინფორმაციით, უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს, რომელიც 26 აგვისტოს აღინიშნება.
ოჩამჩირეში არძინბამ გაიმეორა ენგურთან ნათქვამი სიტყვები, რომ “საქართველო სულ უფრო მეტ ფულს დებს” შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, ამასთან, უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე.
არძინბას თქმით, ყოველივე ეს ე.წ. რესპუბლიკისთვის საგანგაშო სიგნალია.
ამავდროულად, ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ “საქართველო, თავისი პრაგმატული და ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ავითარებს აქტიურ კონტაქტებს რუსეთთან. აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა, დამყარდა უვიზო რეჟიმი, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქტიურდება”.
მისი თქმით, დღეს “რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია, ხოლო რუსეთ-აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 250 მილიონია”.
„ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არის სხვადასხვა მიმდინარეობის ძალიან რთული სისტემა, რომელიც ყოველთვის არ ჩანს. დღეს კი ვხედავთ, რომ საქართველო, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ავითარებს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება. როგორ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა? მსოფლიო ეკონომიკა, მსოფლიო პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ კონკურენციას ვერ გაუძლებ, მაშინ საერთაშორისო განვითარების მიჯნაზე რჩები“, – აღნიშნა ინალ არძინბამ.