“სააკაშვილის მსგავსი ადამიანები უკრაინაში მებრძოლი შენაერთების დაბრუნებას ელოდებიან, რომ საქართველოში ძალაუფლება დაიბრუნონ” – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ “საქართველოს საზღვარზე” ვითარება შედარებით მშვიდი და სტაბილურია, თუმცა, არის საგანგაშო სიგნალები.

ამის შესახებ მან “ენგურის” საგუშაგოს” მონახულებისას თქვა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯები არის მნიშვნელოვანი. ეს არის საგანგაშო სიგნალი ჩვენთვის. საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალების გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. საგანგაშო სიგნალია, რომ ქართული რადიკალური შენაერთები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის გვერდით იბრძვიან“, – განაცხადა არძინბამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები ელოდებიან საქართველოში ამ შენაერთების დაბრუნებას ელოდებიან, რათა დაიბრუნონ ძალაუფლება და ამერიკელების დავალებით მოაწყონ პროვოკაციები “საზღვარზე და გააჩაღონ შეიარაღებული კონფლიქტი”.

„და ბატონო სააკაშვილს, ამ იდიოტს, მაპატიეთ გამოთქმისთვის, შურისძიება უნდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, რევანში არ იქნება. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა – შევაგროვოთ ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაცია, გავაკეთოთ სერიოზული ანალიტიკა, გამოვიტანოთ სერიოზული დასკვნები და დროული სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – დასძინა ე.წ. მინისტრმა.

არძინბამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, ის თანდათან ნადგურდება.

“დღეს დაძაბულობაა სხვადასხვა სასაზღვრო ზონაშია. მე გამოვყოფდი საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე. ამით არის განპირობებული ბელარუსი კოლეგების აქტიური მუშაობის მიზეზი რუსებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცნობილია, რომ ბირთვული არსენალი მდებარეობს პოლონეთთან სასაზღვრო ზონაში, ბელარუსის დასავლეთით და ეს დაკავშირებულია იმ გამოწვევებთან, რაც დღეს არსებობს“, – განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები