დონალდ ტრამპი 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

ჯორჯიის შტატის მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2020 წლის არჩევნების შედეგებში ჩარევის მცდელობის საქმეზე, 200 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ტრამპი და საქმეზე კიდევ 18 ბრალდებული ატლანტის შტატის დედაქალაქ ფულტონის საოლქო სასამართლოში 25 აგვისტოს შუადღემდე უნდა გამოცხადდნენ.

ტრამპი უარყოფს ბრალდებას როგორც ამ საქმეზე, ასევე, მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ სხვა სამ სისხლის სამართლის საქმეზე.

გირაოს შესახებ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს სასამართლომდე თავისუფლებაზე ყოფნა შეუძლია იმ პირობით, რომ ის არ შეეცდება მოწმეების და თანამზრახველების დაშინებას.

„ზემოაღნიშნული, მათ შორის, მოიცავს სოციალურ მედიაში პოსტებს ან სხვების მიერ დაწერილი პოსტების გაზიარებას“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს უფლება აქვს ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებთან დაკავშირება მხოლოდ ადვოკატების თანდასწრებით.

რაც შეეხება სასამართლოში პირველ გამოჩენას, ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ის ხუთშაბათს, 24 აგვისტოს ატლანტაში იქნება.

“უბრალოდ, წარმოიდგინეთ! ხუთშაბათს ატლანტაში ჩავალ, ჯორჯიის შტატში, რომ დაჭერილი ვიყო მემარცხენე საოლქო პროკურორის, ფანი უილისის მიერ”, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

77 წლის ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ნომინაციაში ლიდერობს.

შიდაპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები, პრაიმერი იანვარში დაიწყება.

23 აგვისტოს რესპუბლიკელი კანდიდატების პირველი სატელევიზიო დებატებია ჩანიშნული, რომელშიც მონაწილეობაზე ტრამპმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ხალხი მას “ისედაც იცნობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები