ირაკლი ქადაგიშვილი: კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი
„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე – „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწად-ნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხში იმ აზრის მუსირება დაიწყება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია.
“გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და, მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს – ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. „ბანკსაც კი ქურდავენ“ ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ უკვე საქმე, რომ საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება და წაგებული არჩევნები რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია – აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.