“დღეს დასრულდა ჩემი როტაციის ვადა – ისრაელთან ურთიერთობის ისტორიებზე ბევრს დავწერ” – ლაშა ჟვანია
“დღეს, ჩემი ისრაელში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნიდან 4 წელი შესრულდა. დღეს დასრულდა ჩემი როტაციის ვადა და გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისად 1 ოქტომბრიდან, უკვე მეორედ დავტოვებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას”,- ამის შესახებ ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ორ ხალხს შორის ურთიერთობის გაძლიერებას მომავალშიც გააგრძელებს.
“დღეს, ჩემი ისრაელში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნიდან 4 წელი შესრულდა. ჩამოსვლისას დავწერე, რომ “მივემგზავრები ქვეყანაში, სადაც თვითმფრინავის დაშვებისას, გული ისევე ძგერს, როგორც – თბილისში. ბოლომდე ვერ ავხსენი – რატომ… ერთი ვიცი, იქ ჩემები მელოდებიან. ჩემი ქვეყნის ერთგული ხალხი. ჩემი წინაპრების ძვლები. მათი ოფლით ნაშენები მსოფლიოს საგანძური მონასტრები. ჩემი თანამემამულეები, რომლებიც საკუთარი ოჯახებიდან შორს წვალობენ, რომ ოჯახებს ხელი შეუწყონ. ჩემი ერთგული მეგობრები. მოლოდინი დიდია, პატივი და პასუხისმგებლობის გრძნობა – კიდევ უფრო დიდი… არასოდეს დავმშვიდობებივარ ისრაელს. 2008 წელს მე ვთქვი “ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე”. ბოლო დიპლომატიურ მიღებაზე ჩემმა დავით ცისკარიშვილმა ხმამაღლა მითხრა – “შენ ახლა მიდიხარ, მაგრამ ისევ ჩამოხვალ ელჩად… მე აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე, მაგრამ შენ აქ ელჩად დაბრუნდები”.
დღეს დასრულდა ჩემი როტაციის ვადა და გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისად 1 ოქტომბრიდან, უკვე მეორედ დავტოვებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას. მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში ორჯერ დანიშვნის პრეცედენტი არსებობს, მაგრამ სხვადასხვა დროს, სამჯერ დიპლომატად მივლინების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა და აქ პირველი დიპლომატი ვარ, რომელიც 20 წლის მანძილზე სამჯერ იყო მივლინებული ერთსა და იმავე სახელმწიფოში. თუმცა, ჩემთვის ისრაელი დიპლომატიით არ დაწყებულა. პირველად, 14 წლისამ გავიცანი. შემდეგ, 30 წლის წინ და მრავალგზის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ჩამოვდიოდი. აქ ფეხი არ ამიდგამს, მაგრამ აზრიანი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. აქ, თითქმის ყველა ქვასა და ლოდზე ასხლეტილი ჩემ წინაპართა სუნთქვა მესმის. სუნთქვა, ხან ლაღი, ხან – დამაშვრალი, ხანაც – ბოლო და უკანასკნელი…
დღეს, წამით, 35 წლის მანძილზე, ისრაელსა და საქართველოს შორის, ჩვენი ძვირფასი ქართველი ებრაელების მიერ გადებულ ხიდზე ჩემი სიარულის ისტორიას ჩავუქროლე. ამ ხიდის გამყარებასა და გაფართოებაში, გადაუჭარბებლად, ქმედითი მონაწილეობა მაქვს მიღებული. დღეს, ისრაელის 10 მილიონიანი მოსახლეობა საქართველოს ჩემი აღდგენილი სახელწოდებით, რომ ახსენებს – სიხარულს და სიამოვნებას მგვრის. ჩემი ისრაელთან ურთიერთობის ისტორიებზე ბევრს დავწერ. რაღაცას მემუარებისთვისაც შევინახავ. დღეს გონებაში ისევ დავითი მიტრიალებს – ნეტა ახლა რას მეტყოდა… ერთი ვიცი – ისრაელი არასოდეს დამიტოვებია და აქ ყოფნისას ჩემი საქართველო მენატრება, ხოლო საქართველოდან – იერუსალიმს შევნატრი.
ამჯერად, ეს არც დამშვიდობებაა და არც “ნახვამდის” თქმა. მომავალი 45 დღე სამი მნიშვნელოვანი ვიზიტი გვაქვს ჩასატარებელი – ხვალ ისრაელს სამუშაო ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვევა. ლევან დადიანისა და ერეკლე პირველის შემდეგ პირველი ხელისუფალი, რომელმაც წმინდა მიწაზე ქართულის გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა. უყვარს და პატივს სცემს ისრაელის სახელმწიფოს. ეს ვიზიტიც წარმატებით ჩაივლის.
მე კვლავ გავაგრძელებ ორ ხალხს შორის ურთიერთობის გაძლიერებას. უკან ბევრი გაკეთებული ძალიან კარგი, ხშირად წარმოუდგენელი საქმე და ჩაყრილი საფუძველი რჩება. ეს ყველაფერი ღმერთის შეწევნით, დაუღალავი შრომით, გულწრფელი ადამიანების გვერდში დგომით და უღალატო მეგობრების დახმარებით მოვახერხეთ. გულისცემაც, კვლავ ერთნაირად, სასიამოვნოდ აჩქარდება შოთა რუსთაველის და ბენ გურიონის აეროპორტებში დაშვებისას, რადგან, ორივე ქვეყანაში, ნაღდი მეგობრების ძლიერი არმია დამელოდება. ზურგში კი, ჩემი წინაპრების დალოცვა, როგორც ყოველთვის, მომავალშიც მომყვება”,- წერს ჟვანია.