სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ პუტინი დააკავოს მანამ, სანამ ის პრეზიდენტია
გლობალური სისხლის სამართლის სამართალწარმოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკაკმა გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ვიდრე ის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვან სკაკმა გაიმეორა თავისი დიდი ხნის თეზისი, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი იქნება. თუმცა, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ გადალახავს, სანამ ის თანამდებობაზე რჩება. ამასთან, ვან სკაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, სანამ ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობის ქვეშ, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ვან სკაკის თქმით, „ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები მისი და სხვა სარდლობის ჯაჭვში მყოფი პირების წინააღმდეგ“.