თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნია ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე მიდის სამუშაოები
“სტიქიის ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე მიდის სამუშაოები”, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შემოწმებულია.
“ინტენსიურად გრძელდება მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც ჩვენ მინისტრისგან მივიღეთ დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები. მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ასევე ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე მიდის სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შემოწმებულია. დარჩენილია დაახლოებით 25-25%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი მაშველები მუშაობენ.