31 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო
ზუსტად 31 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო.
ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვეს გაგრძელდა.
სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა; დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე ადამიანი; გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი პირი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.
ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა.
დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.
მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შემდეგ, იმავე წლის 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო.
რუსეთის გარდა მარიონეტული რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობა 4-მა სახელმწიფომ აღიარა: 2008 წლის 5 სექტემბერს – ნიკარაგუამ; 2008 წლის 10 სექტემბერს – ვენესუელამ; 2008 წლის 15 დეკემბერს – ნაურუმ; ხოლო 2018 წლის 29 მაისს – სირიამ.
ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს.