ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთერთმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 60%.
„მიმდინარეობს და გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. რაც შეეხება, სტიქიის ეპიცენტრს, საძიებო სამუშაოების მიზნით, მიწის მასის 60% გადამოწმებულია.
18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები, კერძოდ ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარის კალაპოტების 54 კილომეტრიან მონაკვეთში.
რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული 4 ფრაგმენტი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი დახმარებით დარეგულირდა მოხალისეთა საკითხი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით დარეგულირდა მოხალისეთა ჩართულობის საკითხი. ძირითადად მოხალისეები გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, გვარდიას და ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.